კარლ ფოერნბახერი: “ფრონტერა საქმის პოლიტიზირებას დასაწყისიდანვე ცდილობდა”

18 მაისი, 2020
„საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიოა და ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება“, - ასე ეხმაურება ფრონტერას საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan & Lovells-ის იურისტი კარლ ფოერნბახერი, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინტერესებს ფრონტერას წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისას იცავდა.

Hogan & Lovells პასუხობს ფრონტერას განცხადებებს, თითქოსდა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უარყო კორპორაციისა და სააგენტოს მოთხოვნა კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კომპანიის განმარტებით, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო დაყენებული, ვინაიდან ქართულ მხარეს შესაბამისი უფლება წარმოეშობა მხოლოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

Hogan & Lovells-ის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ კორპორაციისა და სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტის დადგენის შემდეგ, ქართულ მხარეს სრული უფლება ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ და მისთვის სათანადო შეტყობინება გაეგზავნა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეუქცევად ხასიათს ატარებს და არ შეიძლება გაქარწყლებული იყოს ფრონტერას მიერ ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაშიც კი. ყოველივე ზემოაღნიშნულს ადასტურებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც, რომელიც ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეგნებული ჰქონდა არსებითი დარღვევის დადგენის თაობაზე კორპორაციისა და სააგენტოს მოთხოვნის მიზნები და მის მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგები.

კარლ ფოერნბახერი თემის პოლიტიზირების მცდელობის გამო გაოცებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ მისი 20 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.

„გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიოა და ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. ქართულმა მხარემ დააყენა გადაწყვეტილების გასაჯაროების წინადადება, რათა იგი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და ამ თემაზე დისკუსიებს წერტილი დასმოდა, თუმცა ფრონტერამ ამაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილების შინაარსის თაობაზე არასწორი განცხადებების გავრცელება ამჯობინა. მთელი დისკუსია იმაზე, თუ ვინ არის გამარჯვებული, სრულიად უსარგებლო და არარელევანტურია. ქართული მხარის მოთხოვნა 3-4 ძირითად საკითხს ითვალისწინებდა: პირველი ტერიტორიების თითქმის 99%-ის დათმობის თაობაზე განკარგულების გაცემას ეხებოდა, რაც ფრონტერას ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში უნდა გაეკეთებინა და იმ დროიდან მოყოლებული ამაზე უარს აცხადებდა; მეორე იყო იმის დადასტურება, რომ ფრონტერამ კონტრაქტი არსებითად დაარღვია; მესამე კი - ფრონტერას მიერ პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განკარგულების გაცემა.

„გარდა ამისა, ფრონტერამ საქართველოს წინააღმდეგ 3.5 მილიარდის დოლარის ოდენობის მოთხოვნა აღძრა და შესაბამისად, ჩვენი მეოთხე ამოცანა ამ სარჩელისგან საქართველოს დაცვას წარმოადგენდა. თუ ახლა ამ 4 საკითხს შევხედავთ ვნახავთ, რომ ოთხივე დაკმაყოფილდა - ფრონტერა ვალდებულია ტერიტორიები დათმოს, ტრიბუნალმა დაადგინა რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, მან უნდა აანაზღაუროს საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების უდიდესი ნაწილი და არბიტრაჟმა შეწყვიტა ფრონტერას საპასუხო 3.5 მილიარდი აშშ დოლარი ოდენობის შეგებებული სარჩელის განხილვა მას შემდეგ, რაც ფრონტერამ მისი გამოთხოვის თაობაზე საკითხი დასვა“, - აღნიშნავს კარლ ფოერნბახერი.

იურისტი აცხადებს იმასაც, რომ ფრონტერას არასოდეს ჰქონია კონტრაქტის შესრულების განზრახვა, არც იმ პერიოდში, როცა მან ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო და არც მანამდე. მისი თქმით, ქართული მხარე 2015-2016 წლებიდან მოყოლებული კონტრაქტის 2017 წლის შემდგომ პერიოდში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ფრონტერას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა თავის თავზე აეღო ამ ტერიტორიებზე რაიმე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ფოერნბახერი დასძენს, რომ 2017 წელს მხარეებმა მოლაპარაკება კვლავ წამოიწყეს. ქართულმა მხარემ დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა და მედიაციაც კი შესთავაზა, თუმცა ფრონტერამ ამაზე უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, მთელი საარბიტრაჟო დავის განმავლობაში, ფრონტერა უარყოფდა თავის ვალდებულებას - დაეთმო ტერიტორიები.

„ჩემთვის უცნობია, რომ რაიმე პერიოდში, დღევანდელ დღემდე, მათ განეცხადებინათ 2022 წლის შემდეგ ტერიტორიის დაბრუნების განზრახვის თაობაზე. ახლა, როცა ტრიბუნალმა უკვე დაადგინა, რომ ვალდებულები არიან დათმონ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაეთმოთ, ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ამის განზრახვა აქვთ,“ - განმარტავს იურისტი.
იგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში სამმა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დონის არბიტრმა განიხილა. პროცესის ჩატარების ადგილად სტოკჰოლმი იყო განსაზღვრული. არც ერთი არბიტრი, ანუ მოსამართლე ქართველი არ იყო - ერთ-ერთი მათგანი იყო შვეიცარიელი, მეორე - გერმანელი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს და მესამე - აშშ-ის მოქალაქე. სწორედ მათი გადაწყვეტილების აღსრულება სურს ახლა ქართულ მხარეს.

კარლ ფოერნბახერი აცხადებს, რომ ფრონტერა დასაწყისიდანვე ცდილობდა საქმის პოლიტიზირებას, თუმცა დასძენს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და დავა, ეს კომერციული დავაა და ის კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდა.

იგი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ის წარმომავლობაზეც საუბრობს:
„ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“ (Frontera Resources Georgia Corporation), რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე. ფრონტერა ოპერირებას უწევს რამდენიმე კომპანიას, რომელთაგან ნაწილი ოფშორული კომპანიაა, ნაწილი კი ტეხასში ფუნქციონირებს“,- განმარტავს იურისტი.

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ერთის მხრივ ფრონტერასა და მეორე მხრივ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის წარმოშობილ დავაში გადაწყვეტილება ამ უკანასკნელების სასარგებლოდ ტრიბუნალმა 2020 წლის 17 აპრილს გამოიტანა, რასაც ფრონტერას მიერ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანისა და დასრულებული საარბიტრაჟო დავის შედეგების შესახებ შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელების არაერთი მცდელობა მოჰყვა.