ნავთობის ოპერაციები

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე), რომლებზეც დაყოფილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.

ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს ოპერატორ კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და ახორციელებს საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს.

საქართველოს ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; ,,შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“;  ,,ვი-პი-აი ჯორჯია“; ,,საცხენისი ჯორჯია“; ,,ნორიოს ხევი ჯორჯია“; ,,ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საკუთარი ძალებით.

ხოლო დანარჩენი 7 ინვესტორი კომპანია: ,,ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი“; ,,ელენილტო“; ,,მარექსინი“; ,,ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ი; ,,ნორიოს ნავთობკომპანია“;  ,,ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია“;  ,,ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია“ აწარმოებენ მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. 


ნავთობის მოპოვება


კორპორაციას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ („ნეკ“) სტატუსი და ის ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ხელშეკრულებების მომზადება-მოლაპარაკებებში მონაწილეობას და მის პარაფირებას; ხელშეკრულებებში საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედებას; სამთო სამუშაოების გეგმებისა და წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზას; მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს წილის განკარგვას; ხელშეკრულების მართვისათვის ინვესტორთან ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას; ხელშეკრულებებში სახელმწიფო მხარის საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების განხორციელებას; სახელმწიფოს მიერ დავალებული სხვა დარგობრივი ფუნქციების განხორციელებას, მათ შორის არალიცენზირებულ ფართობზე არსებული ჭაბურღილების სახელმწიფოს სახელით მოვლა-პატრონობას და სხვა ნავობოპერაციებს.

კორპორაცია წარმოადგენს დარგობრივი სახელმწიფო ქონების (ჭაბურღილები, სპეც-ტექნიკა, სარკინიგზო ჩიხი, ნავთობშემგროვებელი სისტემა, სასაწყობე მეურნეობა და სხვ.) მესაკუთრეს და გადასცემს მას ლიცენზიის მფლობელ შესაბამის ინვესტორებს დროებით სარგებლობაში, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ ტექნიკას ნავთობთან დაკავშირებულ ოპერაციებში.

გარდა „ნეკ“-ის ფუნქციების განხორციელებისა, კორპორაცია აწარმოებს დარგობრივ ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ მას გააჩნია ნავთობის პირველადი დამუშავების საწარმო 50 ათასი ტონა სარეზერვუარო პარკით, სადაც ხდება მომსახურების გაწევა მოპოვებული ნედლი ნავთობის მომზადებაზე სასაქონლო მდგომარეობამდე და მისი შენახვა რეალიზაციამდე.

აგრეთვე, კოროპრაციას გააჩნია ნავთობის მოპოვების ლიცენზია და სალიცენზიო ფართობზე თავად აწარმოებს ნავთობის მოპოვებას.


 

ნავთობის ტრანსპორტირება


საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს.

დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.

მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 ათასი ტონაა.

WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.


 

ნავთობი