საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის უფუნქციო მონაკვეთის დემონტაჟს ახორციელებს

18 ივნისი, 2026
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ეტაპობრივად აგრძელებს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზსადენების დემონტაჟს, შესაბამისი ნებართვებისა და პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ფარგლებში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ყარადაღ-თბილისის“ DN500 მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის უფუნქციო, დაახლოებით 17 კილომეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი. სამუშაოები მოიცავს 500 მმ დიამეტრის მილების ამოღებას.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოქმედო მილები თანდათან ზიანდება და კარგავს ღირებულებას. ამასთან, მათი არსებობა გარკვეულ შემთხვევებში ხელს უშლის მიმდებარე მოქმედი გაზსადენების ექსპლუატაციას.

დემონტაჟის შედეგად ამოღებული მილების რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის წესით მიმდინარეობს.