ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზი სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-მა შეიძინა

14 აგვისტო, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან გაზი სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-მა შეიძინა.

კორპორაციამ აუქციონი ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, 2 მლნ. კუბ. მ. ხელმისაწვდომ გაზზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-მა გამოთქვა.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართა ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის 275 (დღგ-ს გარეშე) აშშ დოლარის მიმართ, სავაჭრო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯის გაზრდით.

სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-მა კორპორაციას გაცილებით მაღალი ფასი - 320 აშშ დოლარი შესთავაზა და ის გახდა გამარჯვებული.

გამარჯვებული კომპანიისთვის გაზის მიწოდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე, სოფელ პატარძეულში არსებული საზომი პუნქტიდან განხორციელდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აუქციონი გაზის გაყიდვაზე 9 აგვისტოს გამოაცხადა.

სხვა სიახლეები