კორპორაციის წარმომადგენლებმა მდინარე ფარავანზე ჰესების მშენებლობის საკითხზე საჯარო განხილვა გამართეს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე ჰიდროელექტროსადგურების „ფარავანი ჰესი 1“ და „ფარავანი ჰესი 2“-ის პროექტების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგურების სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს. უკვე მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოპინგის) ანგარიში, რომლის საჯარო განხილვაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ეშტიასა და ჯიგრაშენში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში გაიმართა.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პროექტირების დასრულების შემდეგ, კორპორაცია მდინარე ფარავანზე ჯამური დადგმული სიმძლავრით 8 მეგავატის მქონე ჰესების მშენებლობას გეგმავს. პროექტის განხორციელებით ქვეყანა დამატებით 50 მლნ. კვტ.სთ. მწვანე ენერგიას მიიღებს.