მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

11 ივლისი, 2014
მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 43% უკვე შესრულებულია, რომელთა შორისაცაა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, მილების შედუღება, იზოლაცია, ტრანშეას გათხრა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება, მიწის ნაყოფიერი ფენის აღდგენა და სხვა.

„გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. „გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი („გორი-ქარელი“ და „ზესტაფონი-ქუთაისი“) მონაკვეთისთვის ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა.

გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობის შედეგად გაზსადენის არსებული 1960-იან წლების ბოლოს აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვლება, და შესაბამისად, გაიზრდება გაზსადენის გამტარუნარიანობა.

დღეისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში „გორი-ქარელის“ მონაკვეთის პარალელურად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს „ზესტაფონი-ქუთაისის“ მილსადენის 700მმ დიამეტრის 23კმ-იან მონაკვეთზეც. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ დიამეტრის 25კმ-იან მონაკვეთზე; დაწყებულია სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 24კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიც.

სხვა სიახლეები