მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

06 იანვარი, 2015
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა. გაზსადენის არსებულ მონაკვეთზე 1960-იან წლებში აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვალა, რითაც გაიზარდა მილსადენის გამტარუნარიანობა.

„გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 3,777,532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, სამშენებლო სამუშაოები კი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI განახორციელა.

„გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

გასულ წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსადენის კიდევ ორი მონაკვეთი ააშენა. 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდა მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი და მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „წითელი ხიდი-მარნეულის“ 500მმ დიამეტრის 24კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2015 წლის თებერვლისთვისაა დაგეგმილი.