მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

23 სექტემბერი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (სნგკ) მიერ მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი მილებისა და სხვა მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ ERCIYAS CELIK BORU SAN.A.S. გაიმარჯვა.

თურქულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ზემოაღნიშნული მასალების შესყიდვაზე. კონტრაქტის ღირებულება 9 120 520.69 აშშ. დოლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს და მომწოდებელი ვალდებულია სამშენებლო მასალები სნგკ-ს სრულად 2016 წლის 20 იანვრამდე მიაწოდოს.

ERCIYAS CELIK BORU SAN.A.S.-ის მიერ მოსაწოდებელი სამშენებლო მასალები განკუთვნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (აჭარის) განშტოების სამშენებლო, კახეთის მაგისტრალური გაზსადენის „თელავი-ახმეტის“ მონაკვეთზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო და ასევე, ყაზახ-საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე ერთ-ერთი მეწყრული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

„თელავი-ახმეტის“ 29კმ-იანი მონაკვეთის 300მმ დიამეტრის ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, 2016 წლის ბოლოს, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება.

მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (აჭარის) განშტოების 500მმ დიამეტრის 60კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახალი მარშრუტის გამოყენებით ქობულეთის განშტოების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა დაგეგმილი. 2016 წელს დაახლოებით 30კმ-მდე სიგრძის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მდინარე რიონზე არსებული საჰაერო გადასასვლელის აღდგენაა გათვალისწინებული. ტრასის მეორე ნაწილის მშენებლობა კი 2017 წელს განხორციელდება.

სხვა სიახლეები