კორპორაცია „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე მდინარე არაგვის ნაპირის გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ DN1200მმ მაგისტრალური გაზსადენის 196-197 კმ-ზე მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური დირექტორთან ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძესთან ერთად იმყოფებოდა. მათ უშუალოდ პროცესში ჩართული ადამიანებისგან თითოეული შესრულებული ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებსაც გაეცნენ.
მილსადენის დაცვის აუცილებლობა დღის წესრიგში მდინარის მიერ მისი წარეცხვის შემთხვევებმა დააყენა. სამუშაოს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთითა და ფინანსური რესურსით, კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. მისი დასრულების შემდეგ, მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.