საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მდინარე ყვირილას სანაპიროს გამაგრების სამუშაოებს ასრულებს
აღნიშნულ მონაკვეთზე, მდინარე ყვირილას საჰაერო გადასასვლელის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა მარჯვენა სანაპირო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც მაგისტრალური გაზსადენის გამართულ ფუნქციონირებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათეს მიწებსა და სოფლებთან დამაკავშირებელ გზას. სანაპიროს გასამაგრებლად და ზიანის თავიდან ასაცილებლად წარეცხილი დამბის მონაკვეთზე 510 მეტრიანი ქვაყრილი ეწყობა.
სამუშაოებს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. ამ დროისთვის, სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და ქვაყრილის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.
შალვა კიკნაველიძე დეტალურად გაეცნო შესრულებულ და გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც გაზსადენის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.