გაზსადენის აბაშა-სენაკის 29 კმ-იან მონაკვეთს ”ნეფტგაზტიკინტი” ააშენებს

12 ივნისი, 2012
გაზსადენის აბაშა-სენაკის 29 კმ-იან მონაკვეთს ტრესტი ”ნეფტგაზტიკინტი” ააშენებს. თანამშრომლობის ხელშეკრულება ნავთობისა და გაზის კორპორაციას და კომპანიას შორის დღეს გაფორმდა. კომპანიამ გაზსადენის მშენებლობის უფლება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოიპოვა. ”ნეფტგაზტიკინტის” სხვა მონაწილეებთან შედარებით საუკეთესო შემოთავაზება ჰქონდა.

სამშენებლო სამუშაოები 9 თვეში დასრულდება.

გაზსადენის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. აბაშა-სენაკის 29-კილომეტრიანი მონაკვეთი ქუთაისი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპია. ქუთაისი-სენაკის 76 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა USAID-ის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის (PGI) ფარგლებში იგეგმება.

ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამას (PGI) USAID-ი საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია USAID-თან ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის 30-თვიანი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. უკვე აშენდა 30 კმ-იანი გაზსადენი სენაკიდან ფოთამდე.

სხვა სიახლეები