გაზსადენის “ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

22 ოქტომბერი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.

ამ მონაკვეთზე გაზსადენის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გაზსადენის გამტარუნარიანობა, ასევე მთლიანად მაგისტრალური გაზსადენების სისტემის საიმედოობა.

მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და იგი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „საქმილსადენმშენ“-მა განახორციელა. „ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა და ის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარი„ იყო.

USAID-მა ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანით ჩანაცვლდება.

ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” პირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდა „სენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.