„გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

30 აპრილი, 2014
აღმოსავლეთ-დასავლეთის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში მაგისტრალური გაზსადენი „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნას დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰეიკინი დაესწრნენ.

“ის ინვესტიცია, რომელსაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს და ემსახურება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგსტრალური გაზსადენის მშენებლობას ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რადგან დასავალეთ საქართველოს ყველა აბონენტისთვის გაზის მოწოდება მასზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სნგკ-ის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, USAID-ის მიერ დაფინანსებული მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც არსებული მაგისტრალური გაზსადენის მთლიანად შეცვლას გულისხმობს და მას USAID აფინანსებს.

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI აწარმოებს. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისათვისაა დაგეგმილი.

„გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარია.

პროექტი საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2010 წელს დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. USAID-მა ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანით ჩანაცვლდება.

”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” პირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდა „სენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.