აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი

სამხრეთის დერეფნის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტის ჩამოყალიბების მიზნით 2009-2010 წლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (АGRI-Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) პროექტის რეალიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის და შავი ზღვის გავლით (გათხევადებული ფორმით) რუმინეთში და შემდგომ ევროპის ბაზარზე გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

2011 წლის 14 სექტემბერს, ქ. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს პროექტის მხარდამჭერ დეკლარაციას. ამავე ღონისძიების ფარგლებში, სამივე ქვეყნის შესაბამისმა კომპანიებმა - SOCAR (აზერბაიჯანი), GOGC (საქართველო) და Romgaz (რუმინეთი) ხელი მოაწერეს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის - SC AGRI LNG Project Company S.R.L. სადამფუძნებლო ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს პროექტის განხორციელების თაობაზე. მოგვიანებით SC AGRI LNG Project Company S.R.L.-ს შეუერთდა უნგრული კომპანია MVM.

აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით ერთობლივი კომპანიის მიერ დაქირავებული იქნა ინგლისური საკონსულტაციო კომპანია Penspen Ltd. 2015 წლის იანვარში AGRI LNG Project Company S.R.L.–ის დირექტორთა საბჭომ მიიღო Pespen Ltd.-ის მიერ AGRI-ს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

АGRI ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციისა და გაზის მიმწოდებელთა ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების პოლიტიკას პასუხობს. პროექტი “გაზის სამხრეთ დერეფნის” შემადგენელი ნაწილია და საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.