“ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთზე სამუშაოების 80%-ზე მეტი შესრულებულია

06 აგვისტო, 2014
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი გრძელდება და სამშენებლო სამუშაოების 81% უკვე შესრულებულია.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა.

„ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

„ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარია. მშენებლობისთვის საჭირო მილებისა და სხვა მასალების შესყიდვა ცალკე კონტრაქტის ფარგლებში 2014 წლის დასაწყისში მოხდა.

მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.