„ზესტაფონი-ქუთაისის“ და „გორი-ქარელის“ მონაკვეთების მშენებლობა იწყება

18 მარტი, 2014
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20 კმ-იანი და „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობის პროექტის განხორციელება იწყება.

სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები განახორციელებენ. „გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI, „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას კი ქართული კომპანია - შპს „საქმილსადენმშენი“ განახორიელებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერები 2013 წლის ივლისში გამოაცხადა.

გაზსადენის ორივე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისათვისაა დაგეგმილი.

„გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს, „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება კი 4 496 765,47 აშშ დოლარს შეადგენს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორივე მონაკვეთის მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა და მასალების ღირებულებამ 8 686 787,30 აშშ დოლარი შეადგინა.

პროექტი საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2010 წელს დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. USAID-მა ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანით ჩანაცვლდება.

”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” პირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდა „სენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.