”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 25კმ სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

30 სექტემბერი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციმ მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 25კმ სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და უკვე 20 %-ია შესრულებული.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებილი კომპანია „კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს. ამ დროისათვის გაზსადენის დერეფანში უკვე განლაგდა 12635.67 მეტრი მილი, 14500 მეტრზე მოიხსნა მიწის ფენა, 470 მეტრზე ტრანშეა გაითხრა და 7409 მეტრზე მილები შედუღდა და ჩატარდა რადიოგრაფია. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 7 თვის ვადაში დაასრულდება.

კონტრაქტის ღირებულება 3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით.

პროექტის განსახორციელებლად „კომფორტმშენ XXI“-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა.

„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა და გაზით სამხრეთ საქართველოს ამარაგებს. ბოლო წლებში აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა, რადგან დაფიქსირებული იყო გაზის გაჟონვები. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.

სხვა სიახლეები