მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე სამუშაოების 57%-ზე მეტი შესრულებულია

13 იანვარი, 2015
მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 25კმ-იანი სიგრძის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოების 57,8% უკვე შესრულებულია.

სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს, 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. სამშენებლო კონტრაქტის ღირებულება 3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. ამასთან, პროექტის განსახორციელებლად „კომფორტმშენ XXI“-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა.

„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა და გაზით სამხრეთ საქართველოს ამარაგებს. ბოლო წლებში აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა, რადგან დაფიქსირებული იყო გაზის გაჟონვები. შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენის აშენება გადაწყდა.