ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო მასალებს თურქული კომპანია შეიძენს

12 მარტი, 2012
მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო მასალებს ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია ERCIYAS CELIK BORU SANAYIA.S შეიძენს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი თერთმეტმა კომპანიამ გამოთქვა, სატენდერო წინადადებები კი მხოლოდ რვა კომპანიამ წარმოადგინა.

სატენდერო კომისიამ რვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები შეისწავლა და გამარჯვებული გამოავლინა.

ქუთაისი-აბაშის მაგისტრალური გაზსადენის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ქუთაისი სენაკის გაზსადენის მშენებლობის პროექტის მეორე ეტაპია. ქუთაისი-სენაკის 76 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა USAID-ის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის (PGI) ფარგლებში იგეგმება.

ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამას (PGI) USAID-ი საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია USAID-თან ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის 30-თვიანი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. უკვე აშენდა 30 კმ-იანი გაზსადენი სენაკიდან ფოთამდე.