მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 150 მილიონი ევრო გამოუყო

24 აგვისტო, 2018
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, საქართველოში გაზის იმპორტის დაუგეგმავი, ავარიული შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საცავიდან ქვეყნის მომხმარებლების გაზით შეუფერხებელი მომარაგება.

გაზსაცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიისა და ასევე, გარემოსდაცვითი კონსულტანტის შერჩევის პროცედურები საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმატებით აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე, რაც KfW-სგან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, საკმარისი იქნება პროექტის განსახორციელებლად.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს. ხოლო პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.