USAID-ის თავმჯდომარის მოადგილემ სენაკი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენი მოინახულა

12 მაისი, 2011
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თავმჯდომარის მოადგილემ დონალდ სტაინბერგმა ფოთში აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის სენაკი-ფოთის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
ღონისძიებას სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დონალდ სტაინბერგის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა აგრძლებს საქართველოს მხარდაჭერას და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციაა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივრივი რესურსების მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სენაკი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა USAID-ის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის ენერგომომარაგების უზრუნველყოფასაც.
გაზსადენის სენაკი-ფოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, კორპორაციის დაკვეთით, ორმა კონტრაქტორმა კომპანიამ - "საქჰიდრო" და "ხიდმშენმა" აწარმოეს. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებს ქალაქ ფოთის მოსახლეობა და ხობის რაიონის სოფლები - სულ 25 000 ოჯახი.
გაზსადენის მშენებლობა, აშშ -ის განვითარების სააგენტოს (USAID) 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით განხორციელდა.