,,გორი-ქარელის’’ 700მმ დიამეტრის 13კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

23 მარტი, 2015
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 13კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელი-ხაშურის“ 700მმ დიამეტრის 30კმ-იანი მონაკვეთის დარჩენილი სეგმენტების (13+17კმ) რეაბილიტაციის პროექტის ნაწილია. უკვე აშენებულია გაზსადენის „გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთი, რომელზეც მუშაობა 2014 წელს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 15 აპრილს 15:00 საათზე იწურება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის (EWGP) მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2017 წელს გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.