სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა

17 მაისი, 2014
დარიალის ხეობაში, დღეს დილით ჩამოსული მეწყერის გამო, ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დილიდან ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეწყერის შედეგად წაღებულია გზის დიდი ნაწილი, შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.

ავარიის გამო ინფორმირებულია როგორც რუსული, ისე სომხური მხარე. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.

საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება.