სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაუდასტურა არსებული რეიტინგი

24 აპრილი, 2014
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სახელმწიფოსთან გათანაბრებული რეიტინგი, რაც საქართველოში მოქმედი კომპანიებისათვის მაქსიმალურად შესაძლებელი რეიტინგია. სნგკ-ს რეიტინგია „BB-“ სტაბილური პროგნოზით.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ევროობლიგაციები, რომელზეც წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6.875%-ს. აღნიშნული თანხა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოიყენება გარდაბანში ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის, რომლის დასრულება 2015 წლის ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

კორპორაციის განცხადებით, საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან გათანაბრებული რეიტინგი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისათვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში არა მხოლოდ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს საერთაშორისო ბირჟებზე ფინანსური რესურსების მოზიდვას.