საქართველოსა და "სოკარს" შორის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

04 მარტი, 2016
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.

დღესვე, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს "ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ" - "კორპორაციას" და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ასევე, ხელი მოეწერა "ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე" "სოკარსა" და "სნგკ” შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

საქართველო გაზის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.

გარდა ამისა,“ სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს ათას კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

სხვა სიახლეები