საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი ხელმძღვანელობა “გარდაბნის თბოსადგურს“ ეწვია

19 დეკემბერი, 2018
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გია ბახტაძემ, კორპორაციის მენეჯმენტთან ერთად ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, „გარდაბნის თბოსადგური“ მოინახულა.

შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა მგელაძემ, კორპორაციის ხელმძღვანელობას დეტალურად გააცნო თბოსადგურის ინფრასტრუქტურა და ოპერირების პროცესი.

შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

გარდა ამისა, სტუმრებმა “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერეს. თბოსადგურს ის უპირატესობა გააჩნია, რომ სისტემაში ელექტროენერგიის წყვეტის შემთხვევაში, შეუძლია დამოუკიდებლად ჩაირთოს.

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2017 წლის ზამთარში დაიწყო,სამშენებლო სამუშაოების განვითარების პარალელურად, ორი გაზის ტურბინა და ტრასფორმატორები უკვე ჩამოსულია.

“გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად შერჩეული ჩინური კომპანია - China Tianchen Engineering Corporation (TCC) აწარმოებს. პროექტის დასრულება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებარე თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს.

დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და მთლიანად ენერგო სექტორის შეუქცევადი განვითარებისათვის.