საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ჩაქვში იმსჯელეს

30 სექტემბერი, 2008
საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ჩაქვში იმსჯელეს.

კონფერენციის მუშაობაში, რომელიც სასტუმრო "ოაზისში" 27-28 სექტემბერს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, USAID-ის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ყაზტრანგაზის, იტერას, საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის, თელასის და ქართული მედიის წარმომადგენლებმა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ათასწლეულის განვითარების ფონდის ფარგლებში მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი II ფაზის სამუშაოების, ოდესა-ბროდის ნავთობსადენის პროექტის, ქვეყანაში გაზის სექტორში მოქმედი საბაზრო წესების, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების და ამ პროექტებში საქართველოს მონაწილეობის პერსპექტივების, შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების, გაზის ბაზრის რეგულირების ახალი წესისა და მოახლოებული ზამთრისთვის მზადების პროგრამის შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სპორტული შეჯიბრი, დასახელდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში - ენერგეტიკაში ყველაზე საინტერესო რესპონდენტი და ჟურნალისტი, გაიმართა ბანკეტი და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, პროექტი დააფინანსა გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტმა "ნავთობისა და გაზის კორპორაციის შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის"

სხვა სიახლეები