საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი “BB/სტაბილურამდე” გაზარდა

11 მარტი, 2019
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (სნგკ) გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. 

სააგენტომ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რეიტინგი 7 მარტს გამოაქვეყნა. 

საქართველო ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 100% ფლობს საპარტნიორო ფონდი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიას. 

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას განიხილავს როგორც ენერგო პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანეს კომპანიას. სნგკ გაზის მოწოდებისა და სატრანზიტო ხელშეკრულებებში წარმოადგენს მთავარ ხელშემკვრელ მხარეს და უზრუნველყოფს უწყვეტ გაზმომარაგებას ადგილობრივ გამანაწილებელ კომპანიებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობის გზით. 

სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს გარდაბანი-2 თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. თბოსადგურის ექსპლუატაცია დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს და ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. კორპორაციის მომგებიანობაზე სარეიტინგოს შეფასებით აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰდენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად ზრდის კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს. 

სარეიტინგო კომპანია იმედოვნებს, რომ სნგკ შეინარჩუნებს მსხვილ საკრედიტო მაჩვენებლებს 2018-2022 წლებში, რაზეც დადებით გავლენას მოახდენს გარდაბანი 2-ის თბოელექტროსადგურის და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების დასრულება.

სნგკ აგრეთვე გეგმავს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას, რომლის სავარაუდო ღირებულება 250-270 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.