გარდაბნის თბოელექტროსადგური შესაძლოა გაიყიდოს

12 ივნისი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"-მ, საქართველოს მთავრობამ, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურ“-მა და სს „ელექტროსისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ 2015 წლის 11 ივნისს, გააფორმეს იმპლემენტაციის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გაყიდვის სამოქმედო გეგმას. გადაწყვეტილება გაყიდვის თაობაზე მიღებულ იქნება 2015 წლის ნოემბრის ბოლომდე, გამონაკლისის შემთხევაში ეს ვადა შესაძლოა 3 თვით გაგრძელდეს.

გასაყიდი ფასი აღემატება კორპორაციის მიერ ინვესტირების დაწყებამდე კორპორაციას, მთავრობასა და სხვა მხარეებს შორის გაფორმებული იმპლემენტაციის ხელშეკრულებით განსაზღვრულ წლიურ მოგებას, თუმცა ზუსტი თანხა ჯერ კიდევ შესათანხმებელია მხარეებს შორის.

შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ მფლობელები არიან სს „საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“(სნგკ). კორპორაცია თბოელექტროსადგურის აქციათა საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობს. შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ სამშენებლო სამუშაოები სრულად იქნა დაფინანსებული სნგკ ევროობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლებით.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური“ წარმოადგენს პირველ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს საქართველოში, რომელიც საპროექტო სიმძლავრით 230 მგვტ ქვეყნის ყველაზე ეფექტური თბოელექტროსადგური იქნება. მისი მშენებლობა დაგეგმილ ვადაზე ადრე სრულდება წინასწარ განსაზღვრული პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს თბოელექტროსადგურის გამოცდა და ექსპლუატაციაში მიღება, რაც დაგეგმილი ვადის (ოქტომბერი, 2015 წ.) წინსწრებით ხორციელდება.