"ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდრო" მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას ოქტომბერში დაიწყებს

23 სექტემბერი, 2008
კომპანია "ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდრო" ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას ოქტომბერში დაიწყებს. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც "ნიუ ენერჯის", სამშენებლობლო კომპანია "თბილისის" და "საქჰიდროს" მიერ დაფუძნდა, საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს ხელი დღეს მოეწერა.

კომპანია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტებით შეასრულებს, განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.

გამარჯვებული კომპანია მნიშვნელოვან სამუშაოებს შეასრულებს, პროექტის მეორე ფაზის წარმატებით განხორციელება კი გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მაგისტრალური გაზსადენის მეორე ფაზა მოიცავს გაზსადენის შემდეგი უბნების რეაბილიტაციას:

- გარდაბნის 3.6 კმ კოროზირებული უბანი (1020 მმ დიამეტრის გაზსადენი);
- რუსთავის 3.6 კმ კოროზირებული შემკრავი (720 მმ);
- მდ. გლდანულას გადაკვეთა (1020 მმ);
- მდ. დუშეთისხევის გადაკვეთა და მისი მარცხენა შენაკადი (1220 მმ);
- მდ. ცხვედიეთის გადაკვეთა (1220 მმ და 720 მმ);
- ორი წყალგამტარი კულვერტის მოწყობა ანანურის ჩრდილოეთით (1220 მმ);
- მდ. არაგვის ნაპირსამაგრი სამუშაოები ფასანაურის ჩრდილოეთით (1220 მმ);
- ონკანების გამოცვლა (540 მმ, 720 მმ, 1220 მმ) და ჟინვალის ონკანის დემონტაჟი.

პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში უკვე დასრულდა სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის ექვს უბანზე. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების დასაწყებად, რომლის ფარგლებშიც კიდევ 8 ობიექტის აღდგენაა დაგეგმილი.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგების საიმედოობა და შემცირდება გაზსადენიდან არსებული ტექნიკური დანაკარგები