ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო

05 ივლისი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო, ISO 9001-2000 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო. სერთიფიკატი მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ BSI MS (British Standardization Institute Management Systems) გასცა.

აღნიშნული სერთიფიკატი 2006 წლის ოქტომბერში, თავდაპირველად, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას გადაეცა. ნავთობისა და გაზის კორპორაციების გაერთიანების შემდეგ კორპორაციის ხელმძღვანელობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატის შენარჩუნებისა და მისი უწყვეტი სრულყოფის მიზნით.

სერთიფიკატის მოქმედების სფეროა: ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და საინჟინრო-ტექნიკური მონიტორინგი. ნავთობისა და გაზსადენების მიწის ფართობებით უზრუნველყოფა.

ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატი კორპორაციის მუშაობის სტაბილურობის და ხარისხიანი მომსახურების დადასტურებაა. იგი დაეხმარება კორპორაციას მომავალშიც სრულყოს მომსახურების ხარისხი, აამაღლოს მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტურობა და ეკონომიკური მდგრადობა, რაციონალურად გამოიყენოს რესურსები.

BSI მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელიც 1901 წელს დაარსდა. კომპანია ამჟამად წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში და ყოველწლიურად 2,000-ზე მეტ სერთიფიკატს გასცემს.