ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა

02 ივნისი, 2023
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, პირველი ივნისი აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, კორპორაციის თანამშრომელთა შვილები გასართობ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთნენ: დაათვალიერეს კორპორაცია, მშობლების სამუშაო ადგილები, გაიცნეს მათი თანამშრომლები, ასევე მუშაობის სპეციფიკა, ასაკის შესაბამისად მიეწოდათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია კორპორაციისა და მშობლების საქმიანობის შესახებ.

პატარა სტუმრებისთვის, ანიმატორებისა და ილუზიონისტის მონაწილეობით, გასართობი წარმოდგენაც გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს სახალისო კონკურსებსა და თამაშებში, ჩაერთნენ საპნის ბუშტების შოუში. დღის ბოლოს კი, პატარა სტუმრებმა, კორპორაციას, თავიანთი ხელის ანაბეჭდებით მოხატული ბანერი უსახსოვრეს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში, ეკა სისაურმა, პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვა.