ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაზე ინდურ საინვესტიციო კომპანიებთან ოთხი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა

15 იანვარი, 2009
ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაზე ინდურ საინვესტიციო კომპანიებთან ოთხი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებები დაიდო მსხვილ ინდურ საინვესტიციო კომპანიებთან - JINDAL PETROLEUM LTD. და ENSEARCH PETROLEUM (GEORGIA) LTD, რომლებმაც გაიმარჯვეს გასულ წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში VIIA; IX; X და XIIIA სალიცენზიო ფართობებზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მოსაპოვებლად.

ხელშეკრულებებს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, კომპანია JINDAL PETROLEUM LTD-ის მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სუშილ მაარუმ და კომპანია ENSEARCH PETROLEUM (GEORGIA) LTD-ს მხიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუკეშ გუფთამ.

ხელმოწერის ბონუსის სახით მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტი ინვესტორებისგან 17.4 მლნ. აშშ დოლარს მიიღებს.

ნავეენ ჯინდალი: "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გავხდით საქართველოს პარტნიორები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი დიდხანს გაგრძელდება ქვეყნის დაჩქარებულ ინდუსტრულ განვითარებასთან ერთად. დღეს გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას მოუტანს პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონში".

მან ასევე დამატებით აღნიშნა, რომ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დიდი ხნის მანძილზე აქვთ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ და ის ღმად დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღმავდება მომავალში.