მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება

02 თებერვალი, 2015
მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 25კმ-იანი სიგრძის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 82.8% უკვე შესრულებულია, სამუშაოების დასრულება კი თებერვლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აშენებული „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შემდეგად გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობას შეექმნა საფრთხე.

„წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიამ „კომფორტმშენ XXI“ 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებლ კომპანიას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა. თავად სამშენებლო კონტრაქტის ღირებულება კი 3 850 000 ლარია დღგ-ის ჩათვლით.