მაგისტრალური გაზსადენის 43 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მასალების შესყიდვაზე სატენდერო წინადადება ათმა კომპანიამ წარმოადგინა

22 მარტი, 2013
სატენდერო კომისიამ შემოსული წინადადებების პაკეტები დღეს გახსნა და კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ფასებს გაეცნო. კომისია უახლოეს მომავალში წინადადებებს განიხილავს და აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით გამარჯვებულს დაასახელებს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ტენდერი თებერვალში გამოაცხადა და ტენდერში მონაწილეობის სურვილი 14-მა კომპანიამ გამოთქვა. ტენდერის საშუალებით დაგეგმილია მილების შეძენა მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ მონაკვეთის მშენებლობისთვის და მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელის მონაკვეთზე 20 კრიტიკული უბნის რეაბილიტაციისათვის.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მეოთხე ფაზის განხორციელებას იწყებს.

USAID-ის ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის ფარგლებში 2010 წელს აშენდა ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენი, ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისი-სენაკის 76 კმ მონაკვეთების მშენებლობა. მეოთხე ფაზაზე დაგეგმილი მონაკვეთების მშენებლობა კი 2013 წლის ზაფხულისთვის დაიწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500 მმ-იან დიამეტრის მილსადენი 700 მმ-იანით ჩანაცვლდება.