კორპორაციის თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

11 აპრილი, 2014
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლები შეუერთდნენ კამპანიას „მწვანე მომავალი“ და მარნეულში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე 100 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი გააშენეს.

კამპანია „მწვანე მომავალი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში, მარაბდის ველის გამწვანებას ისახავს მიზნად. პროექტი ქვემო ქართლში ხორციელდება, რადგან რეგიონი მწვანე ნარგავების სიმცირით გამოირჩევა.

„კორპორაციის თანამშრომლები გამწვანების აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობენ. წელს კომპანია უერთდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვან აქციაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა.

„მწვანე მომავლის“ ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც გულისხმობს გასამწვანებელი ადგილების აღწერილობას. სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების იდენტიფიცირება და ნაკვეთებად დაყოფა. გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და შესაბამის ადგილებზე გამწვანების ზოლში მათი გამრავლება. აქციის ფარგლებში მიმდინარე წელს 500 000 ხის დარგვაა დაგეგმილი.

2013 წელს კორპორაციის თანამშრომლებმა 140 შავი ფიჭვის ნერგი ხუდადოვის ტყე-პარკში დარგეს.

სხვა სიახლეები