კორპორაციაში წარმატებული თანამშრომელი დააჯილდოვეს

27 მარტი, 2017
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა კორპორაციის საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახურის უფროსს, თეიმურაზ ჯავახიშვილს სამეცნიერო-პეადგოგიური საქმიანობის 45 და საინჟინრო-ტექნიკური საქმიანობის 40 წლის იუბილე მიულოცა და სიგელი გადასცა.

თეიმურაზ ჯავახიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, შემდეგ კი სწავლობდა მოსკოვის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1976 წლიდან ბატონი თეიმურაზი მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის თანამდებობაზე. იგი დღემდე აგრძელებს როგორც სამეცნიერო ასევე პედაგოგიურ საქმიანობას. დაცული აქვს დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1999 წლიდან მუშაობდა კომპანია ჯეოინჟინირინგში მაგისტრალური გაზსადენებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოების დაპროექტების საკითხებზე.

2006 წლიდან ბატონი თეიმურაზ ჯავახიშვილი მუშაობს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, შემდეგ კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. მისი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით კორპორაციაში პირველად ჩამოყალიბდა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობისა დაზის ინდუსტრიის სხვა ობიექტების საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახური, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს წარმატებით.