კორპორაციამ ვანსა და აბაშაში საჯარო განხილვები გამართა

11 მაისი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი "აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ეტაპის" გარემოსდაცვითი სკოპინგის დოკუმენტის საჯარო განხილვა ვანსა და აბაშაში გამართა.

წინასაპროექტო სამუშაოები მიზნად ისახავდა ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას პროექტის მიზნების, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების, ასევე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.

შეხვედრებს მოსახლოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამა ,,ქუთაისი-სენაკის'' მონაკვეთზე 85კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

საჯარო განხილვა ვანში 10, აბაშაში კი - 11 მაისს გაიმართა. წინადადებებისა და შენიშვნების მიღება 22 მაისამდეა შესაძლებელი. გარემოზე ზემოქმედების ანგარიში კი, წინადადებების მიღებიდან, დაახლოებით ორ თვეში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების წინაპირობად ითხოვს სამუშაოები შეესაბამებოდეს მის "გარემოსდაცვითი შეფასების სახელმძღვანელო პრინციპებს" 22 CFR 216. ეს პრინციპი სავალდებულოს ხდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხების გადაჭრას.

სხვა სიახლეები