კორპორაციამ სენაკი-ფოთის გაზსადენის პროექტისთვის მშენებლობის ნებართვა მიიღო

08 ივნისი, 2010
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა მიიღო.

ახლადაშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ.ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა.

მშენებლობის დაწყებამდე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერებს მილების შესყიდვაზე და სამშენებლო კომპანიის შესარჩევად.

პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.