კორპორაციამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის აუცილებელი მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

15 ოქტომბერი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 116 637,00 ლარს, დღგ-ის გარეშე. ტენდერის ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბერს იწურება.

ტენდერის ფარგლებში შეძენილი მასალებისა და მოწყობილობების გამოყენება გათვალისწინებულია „წითელი ხიდი-გარდაბნის“ 700მმ დიამეტრის 17კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის, ასევე მაგისტრალური გაზსადენებისათვის აუცილებელი სადიაგნოსტიკო მოწყობილობების მიმღებ-გამშვები კვანძების მოსაწყობად.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, მიზანშეწონილილად იქნა მიჩნეული „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

„ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი საქართველოში აგებული პირველი მაგისტრალურ გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდა საქართველოს სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ბიზნესის ობიექტებს. გაზსადენი 1959 წელს აშენდა.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ 700მმ დიამეტრის 17კმ-იანი მონაკვეთის საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.