კორპორაციამ ნავთობის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა

17 ივლისი, 2010
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 2012 წლის განმავლობაში მოპოვებული და განაწილებული Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

კორპორაციას გასაყიდად გამოაქვს ორი ტიპის ნავთობის წლიური ოდენობა 24 600 ტონა. ნავთობის მიწოდება განხორციელდება რამდენიმე ეტაპად კორპორაციასა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის – 7,8 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს.

გამარჯვებული ვალდებულია ნავთობის მიწოდების ყოველ ეტაპზე ნავთობის მიწოდების დაწყებამდე წინასწარ გადაიხადოს, ან კორპორაციას წარუდგინოს საბანკო გარანტია, შესაბამის ეტაპზე მისაწოდებელი ნავთობის ღირებულების 110 პროცენტის ოდენობით.

აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 31 ივლისს, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში.