კორპორაცია საჯარო განხილვებს აწყობს

05 მაისი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ეტაპის" გარემოსდაცვითი სკოპინგის დოკუმენტის საჯარო განხილვას ვანსა და აბაშაში გამართავს.

ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამა ,,ქუთაისი-სენაკის'' მონაკვეთზე 85კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

საჯარო განხილვა ვანში 10, აბაშაში კი - 11 მაისსაა დაგეგმილი. წინადადებებისა და შენიშვნების მიღება 22 მაისამდეა შესაძლებელი.

პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების წინაპირობად ითხოვს სამუშაოები შეესაბამებოდეს მის "გარემოსდაცვითი შეფასების სახელმძღვანელო პრინციპებს" 22 CFR 216. ეს პრინციპი სავალდებულოს ხდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხების გადაჭრას.