კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ”რუსთავი‐საგარეჯოს” DN300 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

02 დეკემბერი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ”რუსთავი‐საგარეჯოს” DN300 25კმ-ნი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს აშენებული მინიმუმ 5კმ-ის ან მეტი სიგრძის ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენი ან გაზსადენი. მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს, მშენებლობისათვის საჭირო ყველა ნორმის გათვალისწინება, მათ შორის, შრომის, დაცვისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვის სფეროში ამჟამად მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესრულება.

კონტრაქტორი ვალდებულია სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის განმავლობაში უზრუნველყოს.

მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 593 913,00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შეეძლებათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში 2013 წლის 23 დეკემბრის 15:00 საათამდე.

კახეთის მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა DN300 რუსთავი-თელავის მაგისტრალური გაზსადენის ასეთივე დასახელების მონაკვეთი. 1985-1989 წლებში საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების განვითარების პროგრამის შესაბამისად რუსთავი-გურჯაანის მონაკვეთზე (0-89კმ) აშენდა მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზი DN500 მილებით. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა მაგისტრალური გაზსადენის ელექტროქიმიური დაცვის სისტემის მასიური დატაცება, რამაც გამოიწვია კოროზიული პროცესების გააქტიურება. გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობის გამო რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე მოხდა DN300 გაზსადენის დემონტაჟი. გაზის დანაკარგების შემცირების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამორთვის შესახებ. რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლება.