“კანარგო ლიმიტედს” ახალი პარტნიორი ჰყავს

19 დეკემბერი, 2012
ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინვესტორმა კომპანია “კანარგო ლიმიტედმა” წილში ჩეხური ნავთობის კომპანია MND შეიყვანა.

2013 წლიდან კომპანია ახალ პარტნიორთან ერთად ნავთობისა და გაზის სალიცენზიო ბლოკებზე მასშტაბური გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევებისა და ბურღვითი სამუშაოების შესრულებას გეგმავს. განახლებული მენეჯმენტის და გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობების საფუძველზე კომპანიამ 2013-2014 წლების სამუშაო პროგრამა უკვე მოამზადდა.

განახლებულ მენეჯმენტს სალიცენზიო ბლოკებზე დაგეგმილი აქვს ნავთობგაზიანობის პოტენციალის შემდგომი დაზუსტება და ნავთობისა და გაზის არსებული მოპოვების გაზრდა.

კომპანია “კანარგო ლიმიტედი” ინვესტორია პროდუქციის წილობრივი განაწილების სამ ხელშეკრულებაში და ფლობს XIE და XIF, XIC და XIII სალიცენზიო ფართობებს.

ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და ახორციელებს საქმიანობის მონიტორინგს და კონტროლს.

საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებით და მოპოვებით საქმიანობას ამჟამად ექვსი ინვესტორი კომპანია ახორციელებს, მათ შორის, ”კანარგო ლიმიტედი”.