საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "ადიგენი-გოდერძის" ახალი გაზსადენი ააშენა

28 დეკემბერი, 2019
სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონა გოდერძიზე წელს პირველად აინთო ბუნებრივი გაზი ახლად აშენებული, 33 კილომეტრიანი "ადიგენი-გოდერძის" მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით. 

გაზის ანთების საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი, არჩილ დეკანოსიძე დაესწრო. 

300 მმ-იანი დიამეტრის ახალი გაზსადენი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 11.5 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით დათქმულ, უმოკლეს ვადაში- 8 თვის განმავლობაში აშენდა. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, 2018 წელს საქართველოს მთავრობის დავალებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის და სამთო-სათხილამურო კურორტი-გოდერძის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის, გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. 

"ადიგენი-გოდერძის" გაზსადენის მშენებლობისთვის აქტიური სამუშაოების დაწყება კურორტზე არსებული რთული კლიმატური პირობების გამო, 2019 წლის მაისიდან გახდა შესაძლებელი და ექსპლუატაციაში უმოკლეს ვადებში შევიდა. 

გაზსადენის მშენებლობა კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ჯი-პი-სიმ" ნავთობისა და გაზის კორპორაციის უშუალო ზედამხედველობით განახორციელა. 

მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა "აღმოსავლეთ-დასავლეთის" მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში გამოყენებული იქნება აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ. 

გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 120 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.