საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა

14 იანვარი, 2015
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო მასალების გაცნობა შესაძლებელია კორპორაციის ვებ-გვერდზე: www.gogc.ge.

გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია.

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა.

გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად ასევე განიხილება ევროობლიგაციების განთავსება. ამ მიმართულებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის საფონდო ბაზრებზე კორპორაციის მიერ მოზიდული დაფინანსებით ამჟამად, საპარტნიორო ფონდთან ერთად, გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წელს შევა ექსპლუატაციაში.

დაგეგმილია, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.

Letter of Invitation