გიორგი ჩიქოვანმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით

16 მაისი, 2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას,“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს“ (KfW) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით.

გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით).

ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს.

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ქვეუწყებებთან ერთად და ის საპილოტე პროექტი, რომლის მემორანდუმსაც დღეს მოეწერა ხელი, ამ აქტიური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის კარგი მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში კარგი საფუძველი აქვს და ეს მიმართულებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური და სხვა საჭირო კვლევების  განხორციელება გერმანული მხარის დაფინანსებით.