გიორგი ჩიქოვანი: „კორპორაცია წარმატებით ნერგავს გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მაღალ სტანდარტებს“

07 მარტი, 2023
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტის "თანაბარი შესაძლებლობები საქართველოს ენერგეტიკის სექტორში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას, გენდერული თანასწორობის დაბალანსებასა და ტექნიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა დასაქმების მხარდაჭერის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გახსნეს, რასაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, შესრულებული სამუშაოებისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია, კითხვა-პასუხის სესია და პანელური დისკუსია მოჰყვა.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი გიორგი ჩიქოვანმა ხელი მოაწერა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რითიც ორგანიზაციამ დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში.

„ჩვენი სურვილია გაიზარდოს ქალების მონაწილეობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, სადაც ამჟამად მამაკაცები დომინირებენ. ჩემი კარიერის მანძილზე, ენერგეტიკის სფეროში, არაერთი პროექტი და აქტივობა დაგვიგეგმავს, ამ მიმართულებით. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო EBRD-ს, PWC -ს მათი მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსთვის. ამ პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა სიღრმისეულად შეგვესწავლა ჩვენს კომპანიაში არსებული გამოწვევები.

„მოხარულები ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ Wep-ის წევრობას, რითაც, ფაქტობრივად, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი - არა მხოლოდ ერთჯერადად განხორციელებული პროექტებით, არამედ ხანგრძლივ ჭრილში გავაგრძელოთ ზრუნვა კორპორაციაში ქალთა გაძლიერებაზე.“,- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ფინანსური და ქონების მართვის საკითხებში ეკატერინე სისაურმა და აღნიშნა, რომ კორპორაციაში შესაბამისი ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე შექმნილია.

„ორიოდე კვირის წინ დირექტორთა საბჭოზე დავამტკიცეთ თანასწორობასთან და გენდერთან დაკავშირებული პოლიტიკა და რეგულაციები. ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა გვაქვს შემუშავებული. მზად ვართ გამოვყოთ რესურსები, რათა შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები და კორპორაციაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომლებიც ქალებსა და გოგონებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს “, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.

მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი კავკასიაში მარიამ ქობალია, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა პეტრიაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კორპორატიული მართვის ხელმძღვანელი ინგა ხუციშვილი და ნავთობისა და გაზის მოპოვების სამსახურის სპეციალისტი მარიამ გარუჩავა.