გიორგი ბახტაძე BP საქართველოს ხელმძღვანელს შეხვდა

12 აპრილი, 2021

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი გიორგი ბახტაძე BP საქართველოს ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, აიტენ ჰაჯიევას შეხვდა.

კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიის მრავალწლიანი, წარმატებული მოღვაწეობის მნიშვნელობა საქართველოში და მადლობა გადაუხადა კომპანიის ახალ ხელმძღვანელს BP საქართველოს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და პროექტებისთვის.

გიორგი ბახტაძემ აიტენ ჰაჯიევას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ შესრულებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, ხაზი გაუსვა ორგანიზაციის საქმიანობის როლს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს კორპორაციისა და BP საქართველოს ერთობლივი მუშაობის პრინციპი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.