გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

26 ოქტომბერი, 2016
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” დღეს გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს “ გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობამ, მთავრობის წევრებმა და ჩინელმა სტუმრებმა.

დავით თვალებეიშვილი: დღეს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ გარდაბანში მეორე თბოსადგურის განხორციელების პროექტს. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია და თბოსადგურს ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) ააშენებს. მშენებლობა 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს ნებართვების მოპოვების პროცესი და ჩინური ბანკებიდან სასესხო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებები. თბოსადგური ექსპლუატაციაში შევა 2020 წლის პირველ ნახევარში.

პროექტის განხორციელების მიზნით, გარდაბანში სიმბოლურად ჩაიდო კაფსულა და გაკეთდება ფილა.

თბოსადგურის მშენებლობის შემდეგ, ქვეყანა მიიღებს კიდევ ერთ ელექტროსადგურს, რომელიც საბაზისო ელექტროენერგიას მიაწვდის ქვეყანას დაახლოებით 230-240 მგვტ სიმძლავრით.

29 სექტემბერს, სნგკ-ს შვილობილ შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სა და China Tianchen Engineering Corporation (TCC)-ს შორის, გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულება უკევ გაფორმდა.

ასევე, ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს" შორის.

China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს ნავთობის და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელობა განეკუთვნება. კომპანია ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოჯისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. კორპორაციას მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.